რამდენი ნავთობი მოიპოვეს საქართველოში - მონაცემები განახლდა

2024 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია 10 ათას ტონამდე ნედლი ნავთობის რეალიზაცია
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ნედლი ნავთობის მოპოვებამ 2023-2024 წლებში 58 ათასი ტონა, ბუნებრივი გაზის მოპოვებამ კი 24 მლნ კუბური მეტრი შეადგინა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე დაყრდნობით.
ენერგეტიკის სამინისტრომ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოში ენერგორესურსების მოპოვების თაობაზე პრეზენტაცია გამართა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, აღნიშნულ პერიოდში რომ სულ გაცემულია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 25 გენერალური და საქმიანობის 8 ლიცენზია. ამასთან, გამოცხადებულია ღია საერთაშორისო ტენდერი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ხმელეთის VIIB, X და XIWN-M ბლოკებზე.
უწყების ცნობით, 2023-2024 წლებში შესრულდა სეისმოსაძიებო სამუშაოები 500 გრძივი კილომეტრის მოცულობით, გაიბურღა სამი ახალი ჭაბურღილი, ორში კი განხორციელდა ჰორიზონტალური ბურღვა.
ამ პერიოდში სახელმწიფოს წილმა შემოსავალმა ნავთობიდან და გაზიდან - 15,7 მლნ დოლარი შეადგინა, ინვესტორმა კომპანიებმა კი 31,8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.
პრეზენტაციისას მნიშვნელოვან გარემოებად დასახელდა ის, რომ სოფელ ყულევში მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 3 მლნ ტონა ნავთობი იქნება.
გარდა ამისა, 2024 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია 10 ათას ტონამდე ნედლი ნავთობის რეალიზაცია, მისაღები შემოსავალი კი დაახლოებით 14,5 მლნ ლარს შეადგენს.