მმართველი პარტია პრეზიდენტის პოსტზე ივანიშვილის კანდიდატურის წარდგენას გამორიცხავს

პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ თავისი სამშობლო და „ქართული სიის" სათავეშიც ამიტომ არის.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად არ იქნება დასახელებული, განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თუ რატომ არის ივანიშვილი პარტიული სიის პირველი ნომერი.
10 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. ოცეულში ასევე მოხვდნენ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე, პარიზის ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.
„შემიძლია, აბსოლუტურად გამოვრიცხო მისი პრეზიდენტობა და ა.შ. კაცს, რომელიც მოვიდა პოლიტიკაში, დაასახელა გარკვეული თარიღი, დრო და პოლიტიკიდან თავის დროზე წავიდა, შემდეგ მობრუნება მოუწია, რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ?! მას აბსოლუტურად არ აინტერესებს არანაირი თანამდებობა, რაც თავის დროზე დაამტკიცა კიდეც თავისი მოქმედებით", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ თავისი სამშობლო და „ქართული სიის" სათავეშიც ამიტომ არის.
„იგი სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით – ეს არის ამ არჩევნების მნიშვნელობა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა გადაწყვიტეს პარტიის დამფუძნებელი სიის პირველი ნომერი ყოფილიყო.
„ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ და უპირველესად მისი თანხმობით, რომ სიის პირველი ნომერი იყოს. მათ შორის, ეს იყო ჩვენი თხოვნაც, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს, ამ არჩევნების მნიშვნელობას", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადასარჩენად საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო.
„ჩვენ ამ პატარა პარტიებს კი არ ვეჭიდავებით პოლიტიკურ ველზე, არამედ მათ პატრონებთან გვაქვს საქმე. ესენი არავინ არიან, მართლა არავინ არიან. ისინი პოლიტიკურ ასპარეზზე განულებული არიან", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც ადრე ივანიშვილმა განაცხადა, პარტიის მიზანი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ პარლამენტის ადგილების 3/4-ის მოპოვებაა, რათა საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას. მათ შორისაა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მის ორბიტაზე მყოფი პარტიების არაკონსტიტუციურად აღიარება „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“.
მდინარაძის თქმით, „უცხოელი პატრონების" განცხადებები და ქმედებები იქცა ხავსად იმ წყალწაღებულებისთვის, რომელთაც არჩევნებზე მოგების შანსი არ აქვთ.
„ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია. დიახ, მათ შორის ამიტომ არის სიის პირველი ნომერი, რომ გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რათა ავიღოთ მყარი გარანტია ამ ქვეყანაში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ, სალომე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით იყაროს კენჭი, დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველო ევროპული განვითარების გზას დააბრუნოს.
მოქმედი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.