თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კომისიების ფორმირებისას რამდენიმე პარტიის მხრიდან მასობრივი საჩივრების საშუალებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის შესახებ განაცხადა.
7 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიებმა საპარლამენტო არჩევნებისთვის საუბნო კომისიების თავმჯდომარეებისა და წევრების არჩევა დაიწყო - ჯამში ცესკოს 15.150 წევრი და 9.090 კომისიის თავმჯდომარე უნდა აირჩეს.
„სამწუხაროდ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას, ისევ ამ პროცესის დისკრედიტაციის გზა არჩია და ამ გზაზე საკუთარ სამიზნედ უკვე მერამდენედ ამოირჩია საარჩევნო ადმინისტრაცია. არადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ადმინისტრირებული იყოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, 9 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთი და იგივე შინაარსის თითქმის 15 საჩივარი შევიდა, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ოლქების დასახელებით და ხელმომწერი პირებით განსხვავდება.
„ცხადია, ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ წინასწარ აცნობა საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს და ამით შეირყეს არჩევნებისადმი ნდობა", - განაცხადა იოსელიანმა და დასძინა, რომ ცესკო ყველა საჩივარს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს.
მისი თქმით, ქმედებები მსგავსია ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ტაქტიკისა, რაც გულისხმობდა პროცედურული საშუალებების გამოყენებით საარჩევნო გარემოს დაზიანებას.
კომისიების ფორმირებამდე ცესკოს პრეს-სპიკერმა პარტიებს მიმართა თხოვნით, არ მოახდინონ კომისიების ფორმირების პროცესის დისკრედიტაცია და მისი მომავალი წევრების სტიგმატიზაცია. არჩევის პროცესის დაწყების წინ იოსელიანმა დამკვირვებლებს მოუწოდა, დააკვირდნენ არჩეული პირების საქმიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ გადაწყვეტილებებისა და ქმედებების საფუძველზე განსაჯონ ადმინისტრაციის თითოეული წევრი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.