თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ახალჩამოსხმული ჯვარი აღიმართა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარიშხალმა ალავერდის ტაძარს ზიანი მიაყენა. ძლიერმა ქარმა გუმბათს თუნუქის საფარი გადახადა, დააზიანა კრამიტის სახურავი, ჩაამსხვია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დააზიანა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები. სტიქიის შდეგად ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის სტრუქტურას კონსტრუქტორებისა და არქიტექტორ-რესტავრატორების ჯგუფი იკვლევდა, რის საფუძველზეც შემუშავდა ჯვრის აღმართვის პროექტი.
„ჯვრის დამზადება სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, აღნიშნულ პროცესს კი წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, გაკეთდა მაკეტი, რის საფუძველზეც დამზადდა ყალიბი, რომელშიც ჩამოისხა თითბრის ჯვარი. ჯვრის ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით. ასევე, ანალოგიური გეგმით დამზადდა ჯვარი, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათზე აღიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოაზე) და საეპისკოპოსო სახლზე მოხსნილია დაზიანებული კრამიტის სახურავი. სტოაზე მოეწყო კრამიტის საბურვლისთვის შესაბამისი კონსტრუქციები, ხოლო საეპისკოპოსო სახლზე სრულად აღდგა კრამიტის სახურავი. ასევე დასრულდა კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი
უწყების ცნობით, სამომავლოდ დაგეგმილია კარიბჭე-სამრეკლოზე ფურცლოვანი სპილენძით გუმბათის გადახურვა და ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) კრამიტის სახურავის მოწყობა.
გარდა ამისა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათის გადახურვისა და ჯვრის დასამაგრებლად შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის შემუშავება.
„საჭირო ხდება გუმბათის ქვედა ნაწილებში დამტვრეული ლორფინების აღდგენა, რის შემდეგაც მოეწყობა სპილენძის საბურველი. ასევე, იგეგმება ტაძრის მკლავებისა და ნავების სახურავებზე დაზიანებული ლორფინების აღდგენა და მცენარეული საფრისგან გაწმენდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ალავერდი XI საუკუნის საკათედრო და სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ალავერდში, თელავიდან 20 კმ-ში მდებარეობს.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.