თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ჩეხეთის ნაკრებთან ბრწყინვალე გამარჯვების - ანგარიშით 4:1 - შემდეგ, საქართველოს ნაკრები წარმატების მოსაპოვებლად ტირანაში გაემგზავრა.
გუნდი ახლა შესანიშნავ ფორმაშია, ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს და მოთამაშეებს შორის „ქიმიაც" თვალსაჩინოა.
ალბანეთის ნაკრებთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ტირანას „ეარ ალბანია არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და დაგეგმილი შეხვედრისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„ალბანეთის ნაკრებმა, ისევე როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინა. ვიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და რთულ გარემოში მოგვიწევს თამაში. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, ორი წლის წინ ნაკრებმა ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფრე ანგარიშით (0:0) დაასრულა.
„შევეცდებით, რომ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისევე კონცენტრირებულად ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ. მიუხედავად ანგარიშისა, ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთთან იოლი მატჩი გვქონდა. უბრალოდ ფეხბურთელებმა ამ დღეს საუკეთესო თამაში აჩვენეს. მოკლე პერიოდში მეორე მატჩის ჩატარება გვიწევს, ერთი დასვენების დღე გვქონდა, მაგრამ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ", აღნიშნა სანიოლმა.
რაც შეეხება მეტოქეს, ალბანეთის ნაკრებმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ალბანეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი მილანის „ინტერის" ნახევარმცველი კრისტიან ასლანია, ასევე მნიშვნელოვანი მოთამაშეა „რეინჯერსის" ნახევარმცველი ნედიმ ბაირამი.
საქართველოს ნაკრებს ალბანეთთან რთული მატჩი ელოდება, თუმცა, დადებითი შედეგის შანსები დიდია.