პრემიერი: საქართველო 2030 წლისთვის ელექტროენერგიით სრულად თვითკმარი ქვეყანა უნდა იყოს

ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აპირებს ენერგომომარაგების სექტორის განვითარებას იმისთვის, რათა 2030 წლისთვის ქვეყანამ სრულად შეძლოს საკუთარი თავის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წელთან შედარებით თითქმის 3,4%-ით გაიზარდა და 8,3 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა, რისთვისაც ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება 2012 წლიდან აქტიურად ავითარებს ენერგეტიკის სექტორს და დიდ შედეგებსაც მიაღწია.
„წლების მიხედვით რომ შევადაროთ, ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება 2012 წელს იყო 9.698 მლნ კვტ/სთ, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის 14.911 მლნ კვტ /სთ-ს მიაღწევს, რაც უდიდესი პროგრესია აღნიშნულ დარგში. 2012-2024 წლებში აშენდა 66 ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით დაახლოებით 1.255 მგვტ", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა აღნიშნა, რომ 2025 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 16 ჰესის მშენებლობის დასრულება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 150 მგვტ იქნება.
„მნიშვნელოვანია, რომ წელს და მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება დამატებით 16 ჰესის მშენებლობის დასრულება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 150 მგვტ იქნება", - განაცხადა ტურაშვილმა.
ენერგეტიკა პრიორიტეტულია
ენერგეტიკის სექტორის განვითარება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ზრდადი მოხმარების ფონზე აუცილებელია ამ სექტორის განვითარება. მთავრობის გეგმაშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
2023 წლის მაისში პირველ აუქციონზე გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.
27-ვე სადგურის ამოქმედების შემდეგ ისინი ყოველწლიურად 1.1407 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებენ, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
სახელმწიფოს მიერ ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დღიდან 15 წლის განმავლობაში ფასებს შორის სხვაობის ე.წ. CFD–ს შეთანხმების მიხედვით.
FD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2023 წელს მოიხმარეს 13,7მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 7,4%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
გასულ წელს გამომუშავება 14,4 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 1%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს.