რთველი-2024: კახეთში 56 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. „რთველი 2024“-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კახეთში რთველი, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და მთიან რაიონებში დასრულდება. ამ ეტაპზე რთველი სხვადასხვა აქტიობით კახეთის ყველა რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, მიმდინარეობს.
10 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული ყურძნიდან 27 ათას ტონამდე „რქაწითელი", 22,6 ათას ტონამდე „საფერავი", ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ფასები ფიქსირდება 1 კგ „რქაწითელზე" - 1,07 ლარი, ხოლო 1 კგ „საფერავზე" - 1,3-1,4 ლარი.
სააგენტოს ცნობით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 70-მდე კომპანია და მარანია ჩართული. ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 4,5 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა.
მევენახე-ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია ერთ კგ „რქაწითელზე" 0,2 ლარს შეადგენს.
2023 წლიდან საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია დარეგისტრირდეს საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულ ჩატარებას, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და ფასი, რომლითაც სურს პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი ფერმერი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისგან მოსავალს ხელმისაწვდომ ფასად შეისყიდის.
2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საქართველომ საზღვრებს გარეთ 156,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 24,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.