თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც დეპუტატებს სთხოვს არ დაამტკიცონ ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც, მისი თქმით, ლგბტ-თემთან დაკავშირებული პირების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები და სრული პაკეტი 81 ხმით მიიღო. მმართველი უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში გეგმავს.
„კანონპროექტი ქმნის ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას", - ნათქვამია წერილში.
კომისარმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ქართულ საზოგადოებაში ლგბტ ადამიანების მიმართ ცუდი განწყობების გამო, მათ შორის, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალური ნიშნით ნებისმიერ სტიგმატიზაციას და ადამიანთა მრავალფეროვნებას იღებს, როგორც „გამდიდრების წყაროს“.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ასეთი საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და მყარდება მრავალფეროვნებით, რასაც ის აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ როგორც გამდიდრების წყაროს“, – ნათქვამია წერილში.
გარდა ამისა, კომისარი მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, რომ ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტ ადამიანების უფლებები, ასევე ებრძოლონ მათ დისკრიმინაციას და ლგბტ- თემის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას.
ამ დღეებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო, ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.
კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.