რა შემოსავალი მიიღეს ტელევიზიებმა რეკლამებიდან

შემოსავლები მოიცავს კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს.
Sputnik
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში ტელე- და რადიომაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავალმა 17,9 მლნ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
ეს შემოსავლები მოიცავს კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს.
2024 წლის მეორე კვარტალში ტელეკომპანია „იმედს" 161-მა კომპანიამ დაუკვეთა რეკლამა, რის შედეგადაც მაუწყებელმა 6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო - აღნიშნული შემოსავალი 2,2 მლნ ლარით ნაკლებია გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2024 წლის მეორე კვარტალში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს (მედია-ჰოლდინგი) 156 დამკვეთი ჰყავდა და კომერციულმა შემოსავალმა 2,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 500 ათასი ლარით ნაკლებია 2023 წლის აპრილ-ივნისის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში ტელეკომპანია „მთავარ არხზე" რეკლამა 68 კომპანიამ განათავსა - შემოსავალმა 1,9 მლნ ლარი შეადგინა. PosTV-ს ჰყავდა 45 დამკვეთი, შემოსავალმა 1,4 მლნ ლარი შეადგინა.
2024 წლის მეორე ნახევარში ტელეკომპანია „ფორმულაზე" რეკლამა 48 კომპანიამ განათავსა, შემოსავალმა 1,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 200 ათასი ლარით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ტელეკომპანია ТV Pirveli-ს რეკლამა 55-მა კომპანიამ დაუკვეთა, შემოსავალმა შეადგინა 1,2 მლნ ლარი.
რაც შეეხება ტელეარხ GDS-ს, მან 42 დამკვეთი კომპანიისგან შემოსავლის სახით მიიღო 600 ათასი ლარი.
ამასთან, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" და „სილქნეტმა" 100 ათასი ლარით მეტი გამოიმუშავეს - რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 600 ათასი და 200 ათასი ლარი.