თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის მეორე კვარტალში, 2023 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით, 10,3%-ით გაიზარდა და 574,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ეს იყო ის კვარტალი, როდესაც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ცდილობდა არეულობის მოწყობას და აქაც კი 10%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მდგრადი ეკონომიკური სისტემა, გვაქვს მყარი ეკონომიკური პოლიტიკა, რასაც ქვეყნისთვის მოაქვს ეკონომიკური წინსვლა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა.
„რომ ავიღოთ 2021-2022-2023-2024 წლები, ჩვენი ეკონომიკა ამ ოთხ წელიწადში იზრდება 40 მილიარდი ლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წელს ბიუჯეტში შემოდის დაახლოებით 10 მილიარდი ლარით მეტი, ვიდრე შემოდიოდა ოთხი წლის წინ. ეს ყველაფერი არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი", - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის შედეგად ქვეყანაში უმუშევრობის და სიღარიბის შემცირების კუთხით პროგრესი მიღწეულია.
„ამ ყველაფერს მოაქვს ის, რომ ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელი, 2012 წლის შემდეგ საქართველოში უმუშევრობა განახევრდა - იყო 26,7% და ახლა არის 13,7%. ჩვენმა 680 ათასმა თანამოქალაქემ კი დაძლია სიღარიბე", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა" ამაყობდა თავისი ეკონომიკური პოლიტიკით, ქვეყანაში 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, დღეს ეს მაჩვენებელი 440 ათას ადამიანს შეადგენს.
„საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა, რაც 3,1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 17,7%-ით შემცირდა და 219,7 ათასი ადამიანი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით დასაქმების მაჩვენებელი 2,8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47% შეადგინა.
2023 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო მოსახლეობის 11,8%, რაც 3,8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ივნისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,5% შეადგინა, 2024 წლის იანვარ-ივნისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,0% შეადგინა.