თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრებს „ნახმარი სახეები" უწოდა, თანამდებობიდან გათავისუფლდა, ნათქვამია კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
3 სექტემბერს ამომრჩეველთან შეხვედრაზე ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიცია „ერთობა - ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს სთავაზობს ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის წევრი და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, დეპუტატი თამარ კორძაია და არა „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
„ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს.
„ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის", - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ბაქრაძე გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით.
ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვა“ გამოიყენა.
ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით.