თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისთვის გაუგებარია აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები თუ რატომ უნდა აკრიტიკებდეს იმ კანონპროექტს, რომელიც ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ საქართველოში ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით მიიღო, ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ქმნის მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს. აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯეიმს ო' ბრაიენის თქმით, საქართველომ უკვე მიიღო ერთი „ცუდი“ კანონი („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) და ამუშავებს კიდევ ორ „ცუდ“ კანონს. მისი თქმით, ეს უნდა შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ იმას, რაც ასე ძალიან სურთ - გახდნენ ევროკავშირის ნაწილი.
„რატომ შეიძლება, აკრიტიკებდეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელი იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი. აქ არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი, რაც იზღუდება ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს ძალიან უცნაური მიზნები", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არ შეიძლება ქართული საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი და აშშ რაიმე ფორმით ასოცირდებოდეს ლგბტ-პროპაგანდასთან.
„პირადად ჩემთვის შემაშფოთებელია, როგორც სტანოს, ისე ო' ბრაინის კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი და აშშ ასოცირდებოდეს რაიმე ფორმით ლგბტ-პროპაგანდასთან და ისეთ იდეოლოგიურ მიმდინარეობებთან, რომელთა მიზანი არ არის დადებითი საზოგადოებისთვის. აქ საუბარია ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე, რომელსაც უპირისპირდება კანონპროექტი, რომელიც არის მიღების პროცესში საქართველოს პარლამენტში", - აღნიშნა კობახიძემ.
ასეთი კრიტიკა უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის და ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისგან მსგავს განცხადებებს აღარ მოისმენენ, განაცხადა პრემიერმა.
ოთხშაბათს, 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა ახალი კანონის პროექტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები და სრული პაკეტი 81 ხმით მიიღო. მმართველი უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას 17-20 სექტემბრის სასესიო კვირაში გეგმავს.
ცვლილებების თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.
კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.