საეკლესიო კალენდარი: 8 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 სექტემბერს წმიდა მოწამეთა ადრიანეს და ნატალიას ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ადრიანე და ნატალია
წმიდა მოწამენი ადრიანე და ნატალია ახალგაზრდობაში შეუღლდნენ, წამებამდე სულ ერთი წლით ადრე. ისინი ბითვინიის ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ღვთისმოძულე ხელისუფალმა დაიწყო რა ქრისტიანთა დევნა, ჯილდოები აღუთქვა ყველას, ვინც მათ გასცემდა და სამსჯავროზე წარადგენდა. დაიწყო დასმენები. ერთი მოენის ცნობით, ნიკომიდიის მახლობელ მღვიმეს შეხიზნული ოცდასამი ქრისტიანი შეიპყრეს. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმისთვის ისინი საშინლად აწამეს, შემდეგ კი სამსჯავრო პალატაში მიიყვანეს, რომ მათი ვინაობა დაედგინათ. აღმსარებელთა სიმტკიცით გაკვირვებულმა სამსჯავრო პალატის უფროსმა ადრიანემ მწერლებს მიმართა: „მეც ჩამწერეთ, რადგან ქრისტიანი ვარ და სიხარულით მოვკვდები ქრისტე ღმერთისთვის“.
საეკლესიო კალენდარი : 7 სექტემბერი
როცა მწერლებმა იმპერატორს მოახსენეს ამის შესახებ, მან თავისთან მოუხმო ერთგულ მოხელეს და უთხრა: „ნუთუ შენც შეიშალე და თავის დაღუპვა გსურს? წადი, ამოშალე სიიდან შენი სახელი, პატიება სთხოვე ღმერთებს და მსხვერპლი შესწირე!“ წმიდა ადრიანემ კი უპასუხა: „მე კი არ შევშლილვარ, გონს მოვედი“. მაშინ მაქსიმიანემ ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ აღმსარებელი. როცა მარტვილის მეუღლემ, ნატალიამ შეიტყო, რომ მისმა ქმარმა ქრისტე აღიარა, სიხარულით აღივსო, რადგან თავადაც ფარული ქრისტიანი იყო. მან საპყრობილეში მოინახულა და გაამხნევა ადრიანე.
სხვა პყრობილთა თავდებით წმიდა ადრიანე საპყრობილიდან გაუშვეს, რომ მეუღლისთვის თავისი სიკვდილით დასჯის დღე შეეტყობინებინა. ნატალიამ იფიქრა, რომ იგი მაცხოვრის უარყოფის ფასად გაათავისუფლესო; მაგრამ ქრისტეს ტარიგმა დაარწმუნა, წამებას არ გავქცევივარ, ჩემი აღსასრულის დღე მინდა გაუწყოო.
წმიდა ადრიანე სასტიკად აწამეს. წმიდა ნატალია განამტკიცებდა ქმარს; ევედრებოდა, ღვთის წინაშე პირველი ლოცვა მისთვის აღევლინა. მტარვალმა ბრძანა, ადრიანესა და სხვა მსჯავრდებულებისთვის გრდემლზე ხელ-ფეხი გადაემსხვრიათ. უღმრთოებს სურდათ, დაეწვათ მათი ცხედრები, მაგრამ საშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და ღუმელში ცეცხლი ჩაქრა. ბევრი ჯალათი ემსხვერპლა მეხისტეხას. მალე ლაშქრის ერთ-ერთმა ათასისთავმა იმპერატორისგან მომხიბლავ და მდიდარ ნატალიაზე დაქორწინების ნებართვა გამოითხოვა, მაგრამ ქვრივი ბიზანტიონში გაიხიზნა და მეუღლის წმინდა ცხედარიც თან წაასვენა. აქ მას ძილში წმიდა ადრიანე გამოეცხადა და აუწყა, რომ მალე მიიცვლებოდა. გადატანილი სატანჯველებით მოუძლურებული ქრისტეს ტარიგის სული, მართლაც, მალე შეივედრა უფალმა - იგი მეუღლის ცხედარს დააკვდა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით