წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება-ივანიშვილი საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისადმი მიძღვნილ მისალოც წერილში.
7 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ჩეხეთის ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
„ჩეხეთის ნაკრებთან მიღწეული ამ დამაჯერებელი გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთხელ უზომოდ გაგვახარა თითოეული ქართველი გულშემატკივარი”, - აღნიშნულია ივანიშვილის წერილში.
ივანიშვილის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ აშკარა იყო, რომ ქართული ფეხბურთისთვის ახალი, განსაკუთრებული ეპოქა დაიწყო, რაც ჩეხეთთან გამართული მატჩით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
„ვულოცავ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მებრძოლი, ერთ მუშტად შეკრული და საამაყო გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანა. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება“, – ნათქვამია წერილში.
საქართველო-ჩეხეთის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
შეხვედრის პირველი გოლი 33-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მატჩის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ (52-ე წუთი) გაიტანა. მესამე გოლი ჟორჟ მიქაუტაძის ავტორობით გავიდა (63-ე წუთი), ხოლო მეოთხე - გიორგი ქოჩორაშვილმა (65-ე წუთი). ჩეხებმა ერთადერთი გოლი მეორე მატჩში გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის შემდეგ მატჩს ტირანაში გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ერთა ლიგაზე:
10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო,
11 ოქტომბერი, უკრაინა-საქართველო,
14 ოქტომბერი, საქართველო-ალბანეთი,
16 ნოემბერი, საქართველო-უკრაინა,
19 ნოემბერი, ჩეხეთი-საქართველო.
პლეი-ოფის მატჩები 2025 წლის მარტში გაიმართება. ტურნირი დასრულდება ფინალით, რომელიც 2025 წლის 2 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეჯიბრის რეგლამენტის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს ტურნირზე მოხვედრის შანსი ექნებათ პლეი ოფის მატჩებიდან, რომელთა წილისყრა 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.