პარიზის პარალიმპიადა: აკაკი ჯინჭარაძემ საქართველოს მეცხრე მედალი მოუპოვა

საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზა.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების დასკვნით დღეს აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) პარაწოლჭიმში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა სამივე ცდა გამოიყენა (238, 244 და250 კგ) - პარაწოლჭიმის ტურნირის გამარჯვებული ირანელი ამინზადე გახდა.
ჯამში პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ცხრა მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. სპორტის 22 სახეობაში მედლების 549 კომპლექტი თამაშდება.
თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველმა პარაათლეტმა მიიღო მონაწილეობა ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარაძიუდო, პარასროლა და პარაწოლჭიმი.