თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წმინდა წყლის ტყუილი უწოდა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს მან აშშ-ს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა მოთხოვა.
სენატორმა შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერმა კობახიძემ ამერიკას სთხოვა, შეეჩერებინა ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც „ქართული ოცნების“ მთავრობას აკრიტიკებენ.
„სამწუხაროდ, მომიწევს უხეში განცხადების გაკეთება - რაც თქვა სენატორმა შაჰინმა, ეს არის წმინდა წყლის ტყუილი. ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, - განაცხადა კობახიძემ.
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს 9-დან 11 აგვისტოს ჩათვლით ეწვივნენ და გამართეს შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
სენატორთან და კონგრესმენთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები შესაძლოა მომავალ წელს თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს, ყველაფერი ამერიკელი პარტნიორების ხელშია.
კობახიძის თქმით, სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე მან გამოთქვა იმედგაცრუება და შეშფოთება, რასაც საქართველოს ხელისუფლებაში დღევანდელი ორმხრივი ურთიერთობები იწვევს.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.