თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინებების სისტემა დაინერგება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
ამ სისტემის დანერგვას საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს, რომლის ხელმოწერის ღონისძიებას მინისტრი ჰელსინკში დაესწრო.
ფინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ოთარ შამუგია ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (FMI) გენერალურ დირექტორს პეტერ ტაალასს შეხვდა.
პეტერ ტაალასის განცხადებით, მეტეოროლოგიური საერთაშორისო სისტემების დახვეწა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამის რეფორმებს ნერგავს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ცოდნის გაზიარებას ქართველი ექსპერტებისთვის“, - აღნიშნა ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა.
ოთარ შამუგიამ კი საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შესარბილებლად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მისი განცხადებით, მემორანდუმი საქართველოს საშუალებას მისცემს ფინური მხარის ჩართულობით მოახდინოს მეტეოროლოგიური და გარემოსდაცვითი დაკვირვების ქსელების, ასევე შესაბამისი აღჭურვილობის და ლაბორატორიების მოდერნიზება; ამინდის, კლიმატის და ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების სისტემების განვითარება; ადრეული გაფრთხილების სერვისის მიწოდების პლატფორმის მოდერნიზება, ახალი სერვისების და პროდუქტების შექმნა, რომელიც სარგებელს მოუტანს მოსახლეობას და დაინტერესებულ მომხმარებლებს; კლიმატის ცვლილების მიმართულებით კვლევის მეთოდებისა და ინსტრუმენტების გაუმჯობესება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 231 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობის გაზრდას.