თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ეროვნული იდენტობის გაცნობიერებასა და ლიბერალ-დემოკრატიული ფასეულობების მავნებლობის გააზრებას ეფუძნება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე.
ამ კომენტარით რუსი მინისტრი საქართველოს მთავრობის მიერ ლგბტ-პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტს გამოეხმაურა.
„რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს არის მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგება, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც გაქარწყლდება, წაიშლება და ჩაიხშობა დასავლეთის მიერ ყველასთვის თავსმოხვეული „წესებით“. <...> ქართველებს ეს არ აწყობთ – ისევე, როგორც არ აწყობთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი თავსმოხვევა“, – აღნიშნა ლავროვმა.
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი 3-6 სექტემბერს ტარდება ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის კამპუსში.
ფორუმის გენერალური საინფორმაციო პარტნიორია Sputnik.