თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. 2024 წლის ივლისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,3%-ით შემცირდა, მაგრამ მიმდინარე წლის ივნისთან შედარებით 17,6%-ით გაიზარდა, ნათქვამია საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ბაზრის მიმოხილვაში.
2024 წლის ივლისში თბილისში 3.476 ბინა გაიყიდა. თვიურ ჭრილში ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა რამდენიმე პროექტში უკვე გაყიდული ბინების დაგვიანებული რეგისტრაციის ერთჯერად ეფექტს, აღნიშნულია კვლევაში.
ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში თბილისში სულ 22.253 ბინა გაიყიდა, რაც 2023 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 3,2%-იანი კლებაა. ეს შემცირება განპირობებული იყო მეორად ბაზარზე გაყიდვების კლებით (-3,7% წ/წ), მაშინ როცა პირველად ბაზარზე წლიურად მცირედი, 1,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, როდესაც 10,9 ათასი ბინა გაიყიდა.
ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები გაიზარდა დიდ დიღომში - 20,8%-ით (გაიყიდა 574 ბინა), ნაძალადევში - 29%-ით (გაიყიდა 427 ბინა), დიდუბეში - 37,8%-ით (გაიყიდა 375 ბინა), მთაწმინდაზე - 4,1%-ით (გაყიდულია 76 ბინა) და ვაშლიჯვარში - 39,1%-ით (გაყიდულია 64 ბინა).
ამასთან, გაყიდვები შემცირდა საბურთალოს, სამგორის, გლდანის, ისნის, კრწანისის, ვაკისა და ჩუღურეთის რაიონებში.
G&T-ის ინფორმაციით, ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინები (51-80 მ2) დომინირებდა, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო. გარდა ამისა, შეინიშნება ბიუჯეტური კლასის ბინების (501-800$ მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
2024 წლის ივლისში პირველად ბაზარზე საშუალო ფასი უცვლელი დარჩა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველად ბაზარზე ფასი თვიურად არ გაზრდილა 2022 წლის დასაწყისის შემდეგ, რაც შესუსტებული მოთხოვნის ეფექტია.
2024 წლის ივლისში თბილისში 270.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5,5%-იანი და თვიურად 18,4%-იანი ზრდაა. ჯამურად 2024 წლის პირველ 7 თვეში 1708,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+1,9% წ/წ).
ანალიტიკოსების მონაცემებით, თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი წინა თვესთან შედარებით 0,9%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 9,8 აშშ დოლარი შეადგინა.