რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება უცხოეთში - ცესკოს თავმჯდომარის განმარტება

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების რაოდენობას მას შემდეგ განსაზღვრავს, რაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ ზუსტ მონაცემებს მიიღებს, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
„არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მივიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას კონკრეტულ ქვეყნებში შესაბამისი რაოდენობის საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი პირების შესახებ, რომელიც იქნება საფუძველი საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საარჩევნო უბანი იქმნება ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და მისი შექმნა დამოკიდებულია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების რიცხვზე - ეს ზღვარი არის არანაკლებ 50-სა და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლის.
„ორი მოცემულობაა, რომ პირმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს - საკონსულო აღრიცხვა, ან საარჩევნო უბნების შექმნის შემდგომ საარჩევნო რეგისტრაციის მოთხოვნის მიზნით შესაბამისი განცხადების წარდგენა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საარჩევნო უბნებში“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მანამდე ცესკოში განაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 7 ოქტომბრამდე უნდა დადგნენ.
საქართველოს კანონმდებლობით, საკონსულო აღრიცხვა სავალდებულო პირობაა ხმის მისაცემად. აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით, ისე იმ ქვეყნის საელჩოსა ან საკონსულოში, სადაც მოქალაქე იმყოფება. ამასთან დიპლომატიურ მისიაში მისვლა სავალდებულო არ არის, საკმარისია განცხადების ელექტრონული ფოსტით გაგზავნა. აღნიშნული პროცედურა სრულიად უფასოა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინსტრუქცია, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.