ფოლკლორის ფესტივალი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის ანსამბლებს უმასპინძლებს

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები აშშ-დან, კანადიდან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში „ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - საქართველო“ 20-23 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განცხადებაში.
ფესტივალი, რომლის სლოგანიცაა „საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი", წელს მეხუთედ იმართება - ღონისძიება ამბროლაურში, სოფელ ქორენიშსა (ლეჩხუმი) და თბილისში ჩატარდება.
ფესტივალი მოიცავს როგორც საკონცერტო, სამეცნიერო და კულტურულ-შემეცნებით პროგრამას, ისე ქართული ხალხური სიმღერისა და ლეჩხუმური სამზარეულოს მასტერკლასებს.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 8 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, უელსის, ლატვიისა და შოტლანდიის ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილე ქართული ანსამბლები („ძირიანი", „ლალხორ", „მთიები", „სათანაო", „ნანინა") გამოირჩევიან მუსიკალური მონაცემებით, რეპერტუარის მრავალფეროვნებითა და სირთულით.
ტრადიციული მუსიკის უცხოელი შემსრულებლები კი წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევიან მდიდარი ხალხური ტრადიციებითა და კულტურით.
ფესტივალზე სტუმრები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და თავიანთი ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს. მასპინძლები და სტუმრები ერთობლივი კონცერტით მსმენელის წინაშე რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარდგებიან.
ფესტივალი „საქართველო“ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.