თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშებზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალურ ბლოკში მესამე ადილისთვის დაპირისპირებაში ფრანგი ბრიანა ვიდი ანგარიშით 15:11 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ნინო თიბილაშვილი ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია.
თიბილაშვილის გარდა, გუშინ საკუთარი ძალები მოსინჯა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმაც, რომელიც ჩინელ ლანჟუ აოსთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
ამ დრომდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი იყო - პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1 სექტემბერს კი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს.