ბორჯომში, ახალდაბის ტყეში ხანძარია: ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან - ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება, იუწყება ტელეკომანია „იმედი“.
ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ე.წ. ნეძვის ტერიტორიაზე გუშინ, საღამოს გაჩნდა - ხანძარი დაახლოებით, 1 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული.
ხანძრის კერები კლდოვან ტერიტორიაზეა, სადაც დიდი რაოდენობით გამხმარი ხეა და ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ამ ეტაპზე ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული არიან სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და თბილისის სამაშველო სამსახურები და რეინჯერები - ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა ხანძრის ლოკალიზებას.
ადგილზე მოწყობილია საგანგებო შტაბი. მიმდინარეობს ტერიტორიის მონიტორინგის დრონის მეშვეობით.
საქართველოში სიცხის დადგომისთანავე ხანძრები ხშირად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო 2017 წლის ზაფხულში. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.