რაში სჭირდება მმართველ პარტიას „ამნისტიის შესახებ"კანონი? მდინარაძემ ოპონენტებს უპასუხა

კანონპროექტის მიღების შემდეგ ციხეს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, სულ კი ამნისტია 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია `ამნისტიის შესახებ" კანონს იღებს, რათა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ციხიდან გათავისუფლებული პირების და მათი ოჯახის წევრების 3-4 ათასი ხმის მობილიზება მოახდინოს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებებს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, ხოლო ამნისტია ჯამში ხუთ ათასამდე ადამიანს შეეხება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მიზანმიმართულად დააინიცირა, რათა ამომრჩეველთა მეტი ხმა მიიღოს.
„ისინი აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონს ვიღებთ იმათი ხმების მობილიზებისათვის, ვინც გათავისუფლდება და მათი ოჯახის წევრების ხმებისთვისო... ესე იგი 3-4 ათასი ხმისთვის ვაკეთებთ ასეთ მასშტაბურ ამნისტიას? ერთი ვერსია არის, რომ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჰუმანური აქტი გამოვცეთ, მეორე ვერსიაა, რომ ამხელა ამბავს ვტეხთ 3-4 ათასი ხმის მობილიზებისთვის. მგონი, პირველი ვერსია უფრო რეალისტურია", - განაცხადა მდინარაძემ.
მან ოპონენტებს სპეკულაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ამნისტიები, ისევე როგორც პრეზიდენტის შეწყალება სხვადასხვა ქვეყანაში, შესაძლოა, არჩევნებს, ახალ წელს ან შობას დაემთხვეს.
„არასაარჩევნო პერიოდი ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ გვაქვს ხოლმე, ბოლო ორი წელი იყო ასეთი მხოლოდ. თუ ჩვენ ახლა ამას არჩევნებს დავაკავშირებთ, ყოველთვის შეგეძლებათ ამის ლაპარაკი. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, მილიონზე გაცილებით მეტი ხმა რომ უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, ამხელა ამბის ატეხა ღირდა თუ არა 3-4 ათას ხმად, ანუ პირველი ვერსია უფრო სარწმუნოა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პატიმრების რაოდენობამ საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 2014 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა - 1-ელი აგვისტოსთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.419 ადამიანი შეადგინა.
19 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს როგორც სასჯელის შემცირებას, ისე პატიმართა ნაწილის გათავისუფლებას.
რას ითვალისწინებს პროექტი?
პროექტის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნაწილი უპირობოდ გათავისუფლდება, ნაწილს კი მათი ქმედებებისგან დაზარალებულთა თანხმობა დასჭირდება.
გათავისუფლების გარდა, ამნისტია 1/2, 1/4 და 1/6-ით პატიმრობის ვადის შემცირებას და ასევე პირობითი სასჯელის ერთი წლის ვადით შემცირებას ითვალისწინებს. ინიციატორების თქმით, 1/6-ით პატიმრობის შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით იგეგმება.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიც არის მკვლელობა, ნარკორეალიზაცია, სქესობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ტერორიზმი, კორუფციული და თანამდებობრივი დანაშაული, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ.
პროექტის მიღების შემდეგ ციხეს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, სულ კი ამნისტია 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.