მდინარაძე: სულ რომ ათეისტი იყო ეკლესიას უნდა სცემდე პატივს

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მმართველი პარტია გეგმავს ცვლილებების შეტანას კონსტიტუციის მე-8 მუხლში, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას.
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. ეკლესია არის ინსტიტუტი, რომელსაც პატივი უნდა სცეს ყველამ, თუნდაც ათეისტებმა, რადგან ის არის ქართული ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის შემდგომი განმტკიცების ინიციატივას, რომელიც პირველად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, საარჩევნო ხრიკი უწოდა. როგორც ივანიშვილმა 31 აგვისტოს გურიაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს კონსტიტუციაში ნათლად აისახება მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს იდენტობის საყრდენის მისია. ასევე ხაზგასმული იქნება საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული როლი როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ქვეყნის თანამედროვეობაში.
„ეკლესია არის ის ინსტიტუტი, რომელსაც სულ რომ ათეისტი იყო, ამ ინსტიტუტს უნდა სცემდე პატივს, როგორც ერთ-ერთ მთავარ საყრდენს, საფუძველს შენი, ქართული ეროვნული იდენტობისა", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, დღეს ეკლესია ძალიან მტკიცედ დგას ჭეშმარიტების, ტრადიციების დაცვის მხარეს და ქართველი ხალხის რელიგია ყოველთვის სწორი პოზიციის ავანგარდში იყო, ამიტომაც არის ოპოზიციის დარტყმები ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, აღნიშნა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ამით არის განპირობებული მმართველი პარტიის მიზანი - მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ლეგიტიმაციის მოპოვება.
„ქართული ოცნება“ ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ არჩევნების შედეგების საფუძველზე პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას (3/4 მანდატი) მოიპოვებს.
„ჩვენი მიზანია, არჩევნების გზით მივიღოთ ლეგიტიმაცია, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ კიდევ უფრო მყარი ჩანაწერი, ჩვენი ეკლესიის და მართლმადიდებლური რელიგიის სტატუსის, პოზიციის უფრო მეტად წარმოჩენისათვის, ასამაღლებლად, ხარისხის გასაუმჯობესებლად ამ საყრდენის, როგორც კონსტიტუციური დათქმის“,- განაცხადა მდინარაძემ.
როგორც ადრე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, საუბარია კონსტიტუციის მე-8 მუხლზე, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას. კერძოდ, მასში ნათქვამია:
რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში.
შემოთავაზება მდგომარეობდა იმაში, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“
მეორე ქვეპუნქტში კი დაემატოს მხოლოდ ერთი სიტყვა „თანამედროვეობა" და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან".
ახლანდელი რედაქციის თანახმად, საუბარია იმ ფაქტზე, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაში, თუმცა პრემიერის თქმით, მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა მკაფიოდ უნდა აისახოს ქვეყნის კონსტიტუციაში.
ცნობილია, რომ თავდაპირველად მმართველმა გუნდმა საქართველოს საპატრიარქოს შესთავაზა ინიციატივა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია 29 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. მან ეს ინიციატივა წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სურვილად, გააძლიეროს ეკლესიის სტატუსი და როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
თუმცა, ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც ზვიადაძემ განმარტა, ეკლესიას მიაჩნია, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობის სამართლებრივი მოდელი, რომელიც დღეს არსებობს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმების სახით, უნიკალურია.
ამჟამად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფესიების წარმომადგენლები (0,7%).