„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა

„ქართული ოცნება“ აღარ არის ოცნება, ის გადაიქცა კოშმარად, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა ამოიწურა - რეგისტრაციაზე განაცხადი უცხოური დაფინანსების მქონე 476-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ გააკეთა, განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
„არ ფერხდება მათი საქმიანობა, არ ფერხდება მათი დაფინანსება... რეგისტრაციის შემთხვევაში ორგანიზაციები ჩვეულებრივად განაგრძობენ საქმიანობას და მათ არ ეკისრებათ არანაირი ფინანსური სანქციები", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემები შეიძლება შეექმნათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრაციაზე უარს აცხადებენ.
„არდარეგისტრირების შემთხვევაში მათ ეკისრებათ ჯარიმა, მაგრამ მაინც აგრძელებენ მუშაობას, სანამ, რა თქმა უნდა, არ გადაიხდიან ამ ჯარიმებს“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
რეზონანსული კანონი ძალაში ივნისის დასაწყისში შევიდა, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტროს მიეცა გარკვეული დრო შეექმნა კანონის განსახორციელებლად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შეიქმნა სპეციალური რეესტრი და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა“, ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის ერთი თვე ჰქონდათ.
ორგანიზაციები, რომლებზეც ვრცელდება სკანდალური კანონი, მაგრამ უარი განაცხადეს რეგისტრაციის გავლაზე, დაჯარიმდებიან 25 ათასი ლარით. ასეთი ორგანიზაციების გამოსავლენად იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს ჩაატარებს.
რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) და ა.შ.
ყველა ეს ორგანიზაცია სკანდალურ კანონს რუსულს უწოდებს, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს რაში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები. ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხანია აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უცხოელი დონორებისგან მიღებული თანხები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება, რაც კანონით აკრძალულია.
„ბევრი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია არ აპირებს რეესტრში დარეგისტრირებას, რომელიც ღირსების შემლახავია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაურმა ტელეკომპანია „TV პირველის" ეთერში.
მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს პატრიოტები უწოდა, რომლებიც ქართველ ხალხს საკუთარი უფლებების დაცვაში ეხმარებიან.
„ქართული ოცნება“ აღარ არის ოცნება, ის გადაიქცა კოშმარად, რომელიც აშორებს საქართველოს იმ მიზნისგან, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე.
„როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველაფერი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.
„დარწმუნებული ვარ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს თავისი არჩევანით გადაარჩენს კონსტიტუციის 78-ე მუხლს და გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
აღნიშნული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 122-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ორმა მედიაორგანიზაციამ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.