თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაცის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად გახსნილ 3.030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51.510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9.090 ხელმძღვანელი პირი და 15.150 წევრი. დანარჩენ 27.270 წევრს კი უფლებამოსილი 9 პოლიტიკური პარტია დანიშნავს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2-დან 5 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18.00 საათამდე. ასევე განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.
ცესკოს ინფორმაციით, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს. კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. საერთო ჯამში სერტიფიცირებულია 34 ათასამდე პირი.
საქართველოს პარლამენტი ოთხი წლით ირჩევა. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.