თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. უცხოელმა დონორებმა საქართველოში ფრანკენშტეინის მონსტრი გამოძერწეს და ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოება შექმნეს - ეს მონსტრი ადრე თავს ესხმოდა სახელმწიფოს, ახლა კი დაკავდა საკუთარ რიგებშივე დაშინებით, ძალადობით, ცენზურითა და კანიბალიზმით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ირგვლივ აგორებულ სკანდალს, რომელიც ცნობილია 2019 წლიდან ყველაზე რეზონანსულ აქციებში მონაწილეობით. პაპუაშვილის თქმით, გასულ კვირას ორგანიზაციამ უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში დასარეგისტრირებლად განაცხადი შეიტანა, თუმცა, დაშინების ფართო კამპანიის შედეგად, გადაწყვეტილება შეცვალა.
„ეს, მართლაც, სამარცხვინო ეპიზოდი ნათლად გვიჩვენებს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობოებში გამეფებულ ჩაკეტილ აზროვნებას, სწორხაზოვნებასა და სიძულვილს. მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნით, ამერიკელმა და ევროპელმა დონორებმა საქართველოში ფრანკენშტეინის მონსტრი გამოძერწეს, რომელიც, აქამდე, უპირობოდ უტევდა სახელმწიფოს, ახლა კი საკუთარ რიგებში კანიბალიზმს მიჰყო ხელი", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ეს გახლავთ ხელოვნური სამოქალაქო საზოგადოების შექმნის გაუთვალისწინებელი შედეგი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ხალხისადმი ანგარიშვალდებული არ არის, დასძინა პოლიტიკოსმა.
„არასამთავრობოების უმეტესი ნაწილი დასავლურ დაფინანსებაზეა დამოკიდებული და სულაც არ ზრუნავს იმაზე, რომ რიგით მოქალაქეებს ან ადგილობრივ დონორებს მიმართოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებს ასახავს. სულაც არაა გასაკვირი, რომ ამგვარი ქმნილება, დასავლური შეფუთვის ქვეშ, ბოლშევიკური ქცევის ნიშნებს ამჟღავნებს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დემოკრატია პლურალისტულ და მრავალფეროვან საზოგადოებაში ვითარდება. იდეოლოგიური კონფორმიზმი და გამჭვირვალობის ნაკლებობა კი განასხვავებს ტოტალიტარულ საზოგადოებას ჭეშმარიტად დემოკრატიულისაგან.
„საუბედუროდ, ქართული „სამოქალაქო საზოგადოება“, ფარული უცხოური დაფინანსებით, ვიწროდ განსაზღვრული რწმენებით და დაშინებისა და ძალადობისკენ მიდრეკილებით უფრო პირველს წააგავს, ვიდრე მეორეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობოებმა არჩიეს საკუთარ თავში ჩაკეტილიყვნენ და ერთგვაროვანი, შეზღუდული და „გაკაპასებული თემი" შეექმნათ, რაც არც პლურალიზმს უწყობს ხელს და არც დემოკრატიას, აღნიშნა სპიკერმა.
„დაშინება, ვირტუალური ძალადობა, იდეების ცენზურა, რეალობის იგნორირება, ხალხის საჭიროებების უარყოფა მათთვის დამახასიათებელი ქცევა გახდა", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ვანდალიზმი ამ ქცევის განსაკუთრებულად ირონიული ნაწილია, რომელიც არანაირად არ ჯდება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებში
„ნამდვილი ირონია ისაა, რომ დაფინანსება, რომელიც ამ ვანდალიზმის საშუალებას აძლევს მათ, როგორიც იყო გასულ კვირას პარლამენტის შენობაზე საღებავით წარწერის გაკეთება, საქართველოს „დემოკრატიულ დახმარებად“ ეთვლება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო „სირცხვილიას“ საქმიანობაში, რომელმაც ადრე წაახალისა და რომანტიზება გაუკეთა „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას პოლიციელების მისამართით, დასძინა პოლიტიკოსმა.
მოძრაობა „სირცხვილიამ" პოპულარობა 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციების დროს მოიპოვა. მაშინ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების დროს დაშავდა 80 პოლიციელი და 160 მომიტინგე, რომელთაგან ორმა ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა. ასობით ადამიანი დააკავეს.
„შეგახსენებთ, რომ ამგვარი ვანდალიზმის შედეგები საქართველოს ბიუჯეტის გამოსასწორებელია. სხვათა შორის, კარგი იქნებოდა, რომ დონორებს საგრანტო განაცხადებში ცალკე გრაფა გამოეყოთ იმ ქაოსის გამოსასწორებლად, რომელსაც „დემოკრატიული დახმარება“ ტოვებს თბილისის ქუჩებში“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კიდევ ერთი ირონიული ასპექტი, რომელიც უფრო დამაზიანებელია, ვიდრე ვანდალიზმისა და დემოკრატიის აღრევა, ისაა, რომ დონორები მოხიბლულნი არიან თავიანთი ქმნილებით და უკრიტიკოდ იღებენ არასამთავრობოების მოქმედებებსა და მოსაზრებებს.
„ის ფაქტი, რომ ხელოვნური „სამოქალაქო საზოგადოება“ ხალხის ინტერესებსა და საზოგადოების საჭიროებებს არ ასახავს, დონორებს ყურადღების მიღმა რჩებათ. სამწუხაროდ, დონორები თავადვე იქცნენ დაფინანსებული ორგანიზაციების მძევლებად", - აღნიშნა მან.
პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობოებმა შექმნეს კლანი, რომლითაც დამფინანსებლების მანიპულირებას ახდენენ.
„აცდენამ მოლოდინსა და რეალობას, განზრახვებსა და შედეგებს, პრინციპებსა და მანიპულაციას შორის უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები რადიკალიზმამდე მიიყვანა, რითაც ძალიან დაემგვანენ ჩვენს უნიათო ოპოზიციურ პარტიებს", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, დადგა დრო, რომ დონორებმა პასუხისმგებლობის თავიანთი წილი აიღონ.
„გამჭვირვალობა და დიალოგი გადამწყვეტი იქნება ამ კვანძის გასახსნელად. ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების უკრიტიკოდ მიღება შეცდომა იყო", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
თუ გამჭვირვალობის, პლურალიზმისა და კონკურენციის დემოკრატიული პრინციპები რამეს ნიშნავს, მაშინ ისინი არასამთავრობოებსაც ისევე უნდა შეეხოს, როგორც სხვა საზოგადოებრივ აქტორებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს ეხება, დასძინა პოლიტიკოსმა.
„სამოქალაქო საზოგადოების არსებული ფრანკენშტეინის მოდელი უპერსპექტივოა. გამჭვირვალობის კანონის შესრულება კი კარგი საწყისი წერტილია ამ პრობლემის გადასაჭრელად“, – დაწერა პაპუაშვილმა.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების რეგისტრაცია 1-ელ აგვისტოს დაიწყო. 29 აგვისტოსთვის განაცხადი შეიტანა 360-მა ორგანიზაციამ.
რას გულისხმობს კანონი?
იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიებმა, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა", უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის არაუგვიანეს 2 სექტემბრისა და რეგისტრაციის შემდეგ დეკლარაცია შეავსონ. საუბარია 2023 წლის ფინანსებზე.
რეგისტრაციაზე თავის არიდების შემთხვევაში ორგანიზაციები 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ასეთი ორგანიზაციების გამოსავლენად საჭირო იქნება მონიტორინგის ჩატარება, რასაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით ერთიდან სამ თვემდე დასჭირდება. დამრღვევის დაჯარიმებას კი კიდევ ერთი თვე დასჭირდება.
კანონის თანახმად, მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს სამინისტროს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ან სამინისტროში შესული წერილობითი მიმართვა, რომელიც შეიცავს სათანადო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკრეტული ორგანიზაცია ექვემდებარება კანონს.
მონიტორინგი არ გულისხმობს ორგანიზაციის ოფისში ინსპექტირების ჩატარებას ან მის სერვერსა და კომპიუტერებზე წვდომას, – აღნიშნა სასამართლო პროცესზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ.
მონაცემების შესაგროვებლად და იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა ორგანიზაცია კანონს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს მხოლოდ მოითხოვოს ინფორმაცია როგორც ამ ორგანიზაციისგან, ასევე ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციებისგან, მაგალითად, ბანკებისგან.