ანტირეკორდი საქართველოში: პატიმრების რაოდენობამ 2014 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა

პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. პატიმრების რაოდენობამ საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაამყარა და 2014 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა - 1-ელი აგვისტოსთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.419 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
1-ელი აგვისტოსთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა. ამასთან, დაახლოებით 3,1 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
მსჯავრდებულები - სტატისტიკა
1-ელი აგვისტოსთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო 84,1%-ით იყო შევსებული. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 17%.
პატიმართა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 52 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 64 პირი.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც განაჩენს ელოდებიან, 1-ელი აგვისტოსთვის მათი რიცხვი 1,9 ათასი იყო - ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 25 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 12 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 212 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1-ელი აგვისტოსთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 56 ქვეყნის 1.016 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 9,8%-ს შეადგენს. ამასთან 313 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 2 არასრულწლოვანი და 95 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, დაახლოებით 25,1 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასზე მეტი ქალი და 146 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 505 უცხოელი 37 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.