თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სიძულვილის ენა და საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებზე თავდასხმა აუარესებს წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში, ნათქვამია სახალხო დამცველისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივ განცხადებაში.
27 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების 26 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს ტარდება. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების თარიღი და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ქვეყანაში არჩევნებამდე 60 დღით ადრე ცხადდება.
„საარჩევნო მთლიანობა და ჯანსაღი საარჩევნო გარემო ფუნდამენტურია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის. თუმცა, როდესაც საარჩევნო პროცესს თან სდევს სიძულვილის ენის გამოყენება და ამ პროცესში ჩართული პირების მიმართ პირადი თავდასხმები, ეს პირდაპირ ასუსტებს საარჩევნო გარემოს", - ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მხრიდან აქტიურად შეინიშნება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ადამიანთა დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება, აღნიშნულია განცხადებაში.
„გასულ წლებში ასეთი თავდასხმის ობიექტები საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები და წევრებიც არაერთხელ გამხდარან. ამასთანავე, პოლიტიკური დებატები მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებით ხასიათდება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განსაკუთრებით თვალსაჩინოა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური დამოკიდებულება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება.
„სახალხო დამცველი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ასეთი ფაქტები საზიანოა და ხელს უშლის თანასწორი და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის გამართულ საქმიანობას, საარჩევნო პროცესების შეუფერხებლად წარმართვასთან ერთად ამ პროცესებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რაც თავის მხრივ, უკიდურესად აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.
„ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბური დანერგვის, ასევე, ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის შეუცვლელი როლის გათვალისწინებით, ყველა მხარის ხელშეწყობით საარჩევნო ადმინისტრაციას შესაძლებლობა უნდა მიეცეს სიძულვილის ენისგან თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სახალხი დამცველმა და ცესკოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა/წარმომადგენლებმა, შესაბამისმა კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას.
„დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის დასანერგად, მნიშვნელოვანია კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები მიმართული იყოს საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია მედიის განსაკუთრებული როლი წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად და სამართლიანად წარმართვის კონტროლის თვალსაზრისით.
„მნიშვნელოვანი იქნება მედიის წარმომადგენლებმა, საარჩევნო კამპანიების გაშუქებისას, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე მოახდინონ შესაბამისი განმარტება და მსგავს ფაქტებს კრიტიკულად გამოეხმაურონ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიძულვილის ენის თავიდან აცილება აუცილებელია საარჩევნო მთლიანობის უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შესანარჩუნებლად.
„ეს, თავის მხრივ, არის სამართლიანობის, ფართო მონაწილეობისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.