თბილისი, 2 სექტემბერი − Sputnik. აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმს (EEF) 76 ქვეყნის ათასობით წარმომადგენელი დაესწრება, განაცხადეს ფონდ „როსკონგრესში“.
„მოსალოდნელია, რომ აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ღონისძიებებში მსოფლიოს 76 ქვეყნისა და ტერიტორიის 6 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე ხელი მოეწერება მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც რუსეთის კომპანიების, უწყებებისა და რეგიონების თანამშრომლობის განვითარებისკენაა მიმართული − მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან“, − ნათქვამია ფონდის პრესრელიზში.
არსებული ცნობით, შეთანხმებები შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: საინვესტიციო პროექტების რეალიზაცია, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, სოციალური და კულტურული ურთიერთობები.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, EEF-ის საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი ანტონ კობიაკოვი ამბობს, იმ ფაქტს, რომ EEF მოთხოვნადია და პროდუქტიული, „ფართო საერთაშორისო წარმომადგენლობა ადასტურებს“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმზე საქმიანი აქტიურობა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთქმედებებს ახალ დონეზე გაიყვანს და კონკრეტული გადაწყვეტილებების შემუშავების შესაძლებლობას გააჩენს რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკური პოტენციალის გახსნის საქმეში“, − აღნიშნა მან.
EEF ვლადივოსტოკში 3-6 სექტემბერს გაიმართება შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პლატფორმაზე. მისი ორგანიზატორია ფონდი „როსკონგრესი“, გენერალური მედიაპარტნიორი — Sputnik-ი.