პროტესტი Georgian Manganese-ის წინააღმდეგ – სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა

შუქრუთში 173-ე დღეა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებენ.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, აქციის სამმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, იუწყება ტელეკომპანია „Rustavi 2".
სოფელ შუქრუთში 173-ე დღეა კომპანია Georgian Manganese-ის საქმიანობას აპროტესტებენ. აქციაში მონაწილე მაღაროელებმა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ორ შახტში შესასვლელი გადაკეტეს და კომპანიისგან 2019-2021 წლებში პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმებების შესრულებას და კომპენსაციების გადახდას ითხოვენ.
„კომპანიასთან სამართალს ვერ მივაღწიეთ, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შიმშილობა დავიწყოთ. რამდენიმე ადამიანმა პირი ამოიკერა, რათა ჩვენი სოფელი გადარჩეს. ჩვენი კუთვნილი ნაკვეთებიდან მილიარდობით მადანი გააქვთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ადგილობრივების განცხადებით, მანგანუმის მადნის მომპოვებელი კომპანიის მუშაობამ მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა და საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, თუ კომპანიის მხრიდან შესაბამისი გამოხმაურება არ იქნება და სახელმწიფო მათ პრობლემებში არ ჩაერევა, შიმშილობას ქალებიც დაიწყებენ.
მრავალი წელია, შუქრუთის მაცხოვრებლები კომპანიას მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურებაში, ეკოლოგიისა და მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ. გაფიცულების თქმით, კომპანიის საქმიანობის შედეგად სოფელში საცხოვრებელი სახლების ნაწილი ავარიული გახდა, ჭები დაშრა, ხეები კი ნაყოფს აღარ ისხამენ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ წარუმატებლად ცდილობენ ცენტრალური ხელისუფლების ყურადღების მიქცევას.
კომპანია სოფლის მცხოვრებლების ბრალდებებს უარყოფს. კომპანიის ინფორმაციით, მათ არაერთხელ სცადეს მაღაროების გახსნა და სამუშაო პროცესის განახლება, თუმცა პროტესტის მონაწილეები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
Georgian Manganese Holding – მაღალხარისხიანი ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას. კომპანიის პროდუქცია რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გადის.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
მიმდინარე წლის 31 ივლისს პროკურატურამ მაღაროების დაზიანებისკენ მიმართული ქმედების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა, სამივე პირს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობის მუხლით წარედგინა, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს „მაღაროელის“ კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. 21 ივლისიდან კი მათ სავენტილაციო სივრცეში შესასვლელი დაბლოკეს.
სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.