თბილისი, 1-ელი სექტემბერი - Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე გოგონებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წელს ჩეხეთმა 21 - 31 აგვისტოს პერიოდში უმასპინძლა - ასპარეზობა 6 ასაკობრივ კატეგორიაში (8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე) ჩატარდა როგორც გოგონათა, ისე ჭაბუკთა შორის. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად გაიმართა და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
უწყების ინფორმაციით, 8-წლამდე გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა ლილე სვანაძე. ქართველი მოჭადრაკე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, VII-VIII ტურში კი შეხვედრები დათმო, თუმცა ბოლო ტურში გამარჯვება შეძლო და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
14-წლამდე გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა მარიამ კალანდაძე. მან ზედიზედ ექვსი პარტია მოიგო, ბოლო ტურში კი ევროპის ჩემპიონთან შეხვედრა ყაიმით დაამთავრა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვებით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კესარია მგელაძე.
ტურნირში საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ქართველი მოჭადრაკეები ევროპის პირველობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.