თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია 16 ოქტომბერს დაიწყება, საერთაშორისოების - 19 ოქტომბერს, ნათქვამია ცესკოს მასალებში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
უშუალოდ კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცესების მონიტორინგისთვის ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ცესკოში განაცხადი 16-დან 21 ოქტომბრამდე უნდა შეიტანონ.
განაცხადში უნდა იყოს მითითებული ის საარჩევნო ოლქები, სადაც დაკვირვება მოხდება. ცესკო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას 5 დღის განმავლობაში მიიღებს.
რეგისტრაციისთვის ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. ამონაწერი უნდა იყოს გაცემული განაცხადის შეტანამდე მაქსიმუმ 10 დღით ადრე და მასში უნდა იყოს მითითებული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობისთვის უფლებამოსილი პირი/პირები.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაცხადი 19-დან 22 ოქტომბრამდე უნდა შეიტანონ. მათ რაიმე დამატებითი დოკუმენტი არ სჭირდებათ. მაგრამ 24 ოქტომბერს საერთაშორისო ორგანიზაციამ ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებლებზე და მათი პასპორტების ფოტოასლები.
ადგილობრივი დამკვირვებლები
ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც რეგისტრაცია კენჭისყრამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვს გავლილი, რომლის წესდება რეგისტრაციის მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნების დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.
ერთ ორგანიზაციას საარჩევნო უბანზე მხოლოდ თითო დამკვირვებელი შეიძლება ჰყავდეს.
ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა.
ვის არ აქვს უფლება დააკვირდეს არჩევნებს საქართველოში
დამკვირვებელი ვერ გახდება საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირი, საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის მერი ან მისი მოადგილე, მოსამართლე, პროკურატურის თანამდებობის პირი, საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი, საარჩევნო კომისიის წევრი.
ასევე არ აქვს უფლება იყოს დამკვირვებელი საგარეო საქმეთა, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.
არჩევნებზე დაკვირვების უფლება არ აქვს ასევე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელს, სხვა ბეჭდვითი საშუალებების და მედიის წარმომადგენელს.
აგრეთვე ვერ გახდება დამკვირვებელი პირი, რომელიც ბოლო ორი არჩევნების პერიოდში იყო საარჩევნო კომისიის წევრი (პარტიიდან), საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.
ასევე რეგისტრაციას ვერ გაივლიან პირები, რომლებიც ბოლო არჩევნების ჩატარების წლის დასაწყისიდან რომელიმე პარტიის შემომწირველები იყვნენ.
საერთაშორისო დამკვირვებლები
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, უცხოურ ქვეყანაში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს და/ან ადამიანის უფლებების დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ შემდეგ პრინციპებს:
საქართველოს კანონმდებლობის, მისი სუვერენიტეტის და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
საარჩევნო პროცესის შეფერხებისგან თავის შეკავება;
პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
არჩევნების დაკვირვების საერთაშორისო პრინციპების დეკლარაციით გაცხადებული დებულებების დაცვა.
ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მაქსიმუმ ორი საერთაშორისო დამკვირვებელი. საერთაშორისო დამკვირვებლებს შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, რომელიც ცესკოში რეგისტრაციას მათთან ერთად გაივლის.
რისი უფლება აქვს დამკვირვებელს?
დამკვირვებლებს რეგისტრაციის შემდეგ უფლება აქვთ დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს, კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თავისუფლად გადაადგილდნენ უბნის ტერიტორიაზე და დააკვირდნენ კენჭისყრის ყველა ეტაპს ნებისმიერი წერტილიდან.
გარდა ამისა, მათ უფლება აქვთ დალუქვამდე და გახსნის დროს შეამოწმონ საარჩევნო ყუთები, აკონტროლონ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ბიულეტენების გაცემა და მათი დამოწმება, ასევე დააკვირდნენ ხმების დათვლას, დააკვირდნენ კომისიის მიერ ყველა დოკუმენტის მომზადებას, მათ შორის, შემაჯამებელი ოქმისა, და იქონიონ მათი ასლებიც კი.
მათ აქვთ უფლება მოსთხოვონ ამომრჩეველს ხმის მიცემამდე აჩვენოს ბიულეტენების რაოდენობა. ასევე თვალყური ადევნონ საარჩევნო ყუთს და ბიულეტენის წაკითხვის ან ყუთში განთავსების პროცესს. მათ შეუძლიათ დააკვირდნენ საჩივრების რეგისტრაციას და შეიტანონ ისინი, ასევე მოითხოვონ დარღვევების გამოსწორება მათი დაფიქსირების შემთხვევაში.
დამკვირვებლებს ეკრძალებათ საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და მუშაობაში ჩარევა, ამომრჩეველთა არჩევანზე ზემოქმედება, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ აგიტაცია, პარტიული სიმბოლიკის ტარება ან შენობაში ყოფნა ბეიჯის გარეშე.
დამკვირვებლებს ეკრძალებათ ამომრჩეველთა სიის მონაცემების დამუშავება, მათი კოპირება ან გადაცემა.