ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება - ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 1-ელი სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ეთიკის კოდექსი არეგულირებს საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო კომისიის თანამშრომლებისა და დამკვირვებლების ქცევის საკითხებს საარჩევნო პერიოდში.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს: კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.
კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ მიუკერძოებლები, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.
საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ქცევის (ეთიკის) კოდექსი პირველად 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავდა და მას შემდეგ ეს ტრადიცია ყველა არჩევნებზე გრძელდება. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში ცვლილება შევიდა, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო აამაღლა.
ეთიკის კოდექსში გაწერილი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.
2024 წლის არჩევნებამდე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს ერთდროულად აწერდნენ ხელს. წელს კი ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება - კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა უკვე მოაწერეს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს სრულად დაკომპლექტების შემდეგ მოაწერენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისაგან და ირჩევა ოთხი წლის ვადით. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
სულ გაიხსნება 3.030 საარჩევნო უბანი, საიდანაც 2.262 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, დანარჩენში კი ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 17-მა პარტიამ გაიარა. ეს არის არაკვალიფიციური, ანუ ის პარტიები, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში და რომელთაც რეგისტრაციის გავლისთვის ცესკოში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარედგინათ.
კვალიფიციურმა პარტიებმა რეგისტრაციისთვის ცესკოს უნდა მიმართონ უახლოეს დღეებში, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. ასეთი 13 პარტიაა.