თბილისი, 31 აგვისტო— Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ივლისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2024 წლის იანვარ-ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,7% შეადგინა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამშენებლო, გადამამუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციების სფეროებმა, ვაჭრობის, პროფესიულმა და სამეცნიერო-ტექნიკურმა დარგებმა.
კლების ტენდენცია ენერგეტიკის სფეროში შეინიშნებოდა.
რა გაიზარდა და რამდენით
2024 წლის იანვარ-ივლისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი შემცირდა 1,3%-ით, იმპორტი კი გაიზარდა 2,9%-ით.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 6,3 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 10,1%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 19,8%-ით გაიზარდა და 14,8 მლრდ ლარს გაუტოლდა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა ასოცირდება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მოცულობასთან, ასევე სამოქალაქო მშენებლობის მაჩვენებლის ზრდასთან, მათ შორის გზების, ხიდების და გვირაბების.
გარდა ამისა, თოდრაძის თქმით, ივნისში ცემენტის და კლინკერის იმპორტი 31%-ით გაიზრდა.
გადამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად მეტალურგიულმა მრეწველობამ განაპირობა, ასევე სასმელების მრეწველობის ზრდამ. დაახლოებით 33-ჯერ გაიზარდა ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტი - ძირითადად აშშ-ში, თურქეთსა და საფრანგეთში.
ასევე გასულ თვეში მინერალური წყლების ექსპორტი 37%-ით გაიზარდა.
საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა განპირობებულია კომპიუტერული პროგრამების შემუშავებით და ამ სფეროში ჩართული კომპანიების გაფართოებით.
გარდა ამისა, ვაჭრობის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ფერადი ლითონებით ვაჭრობის გაზრდით, ასევე სასმელებით, საკვები პროდუქტებით და თამბაქოთი ვაჭრობის მოცულობის გაზრდით.