თეონა აქუბარდია გახარიას პარტიას შეუერთდა

საჯარო მოხელეები აქუბარდიას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს, განაცხადა ექს-პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია 26 ოქტომბრის არჩევნებზე პარლამენტის დეპუტატობისთვის ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიასთან „საქართველოსთვის“ ერთად იბრძოლებს.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
„ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში“, - განაცხადა ბრიფინგზე გახარიამ.
მისი თქმით, საჯარო მოხელეები აქუბარდიას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს.
თავად აქუბარდიამ განმარტა ორი მიზეზი, რის გამოც შეუერთდა ექს-პრემიერის პარტიის გუნდს და გახარიას გუნდთან ერთად იწყებს ბრძოლას საქართველოსთვის ეროვნული ინტერესების მისაღწევად.
„პირველი - „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე, ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; მეორე - ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა“, - განმარტა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდია პარლამენტში 2020 წელს „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ მოხვდა. 2022 წლის ოქტომბერში მან დატოვა პარტია ბოიკოტის გამო (პარტიას საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ სურდა).
საქართველოს პარლამენტი 4 წლით აირჩევა.
ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.