Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა ტბელი აბუსერიძე
წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ. წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო.
მან ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში.
წმიდა ტბელი დაინტერესებული ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა“, რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია.
ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ.
წმიდა მოწამე მირონ ხუცესი
წმიდა მოწამე მირონი აქაიელი (საბერძნეთი) ხუცესი იყო, III საუკუნეში ცხოვრობდა და 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას ეწამა ქრისტესთვის. წმიდა მირონი ქალაქ კვიზიკში წაიყვანეს და მახვილით მოჰკვეთეს თავი (+250).
წმიდა მოწამენი: პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი
წმიდა მოწამე პავლე, დაჲ მისი იულიანა და სხვანი დაახლოებით 273 წელს, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას ეწამნენ ქრისტესთვის ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდში. ცნობები მათ შესახებ 4 მარტის საკითხავშია მოთავსებული.
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი
წმიდა მოწამენი: თვირსე, ლევკიოსი, კორონატი და მეგობარნი მათნი ბითვინიის კესარიაში და აპოლონიაში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ზოგიერთები წმიდა კორონატს აიგივებენ კორნუტთან, ნიკომიდიელ ეპისკოპოსთან, რომლის ხსენებაც 12 სექტემბერს აღინიშნება.
წმიდა მოწამე პატროკლე
წმიდა მოწამე პატროკლე ცხოვრობდა, იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. ცნობილია, რომ იგი წარმოშობით ქალაქ ტრიკასინიდან (დღევანდელი ტრუა - საფრანგეთში) იყო. უფალმა იგი სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. იმპერატორმა ავრელიანემ თავისთან მოუხმო წმიდანს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი დიდი პატივი და ჯილდოები აღუთქვა. ზეციური დიდების მოსურნე წმიდანმა იმპერატორს მიმართა: „მე ქრისტიანი ვარ და კერპებს მსხვერპლს არ შევწირავ, არც შენ შეგიძლია, გლახაკს, მე რამე შემომთავაზო“. „როგორ მიწოდებ ქვეყნის გამგებელ იმპერატორს გლახაკს?“ - განრისხდა ავრელიანე. ნეტარმა მიუგო: „შენ დიდი მიწიერი საგანძურის მფლობელი ხარ, მაგრამ არ გაგაჩნია ზეციური საუნჯე, რადგან არა გწამს ქრისტე და საუკუნო ცხოვრებაში სამოთხის ნეტარებას ვერ დაიმკვიდრებ, - ამიტომ ხარ გლახაკი“. ურჩობისა და კადნიერებისათვის თვითმპყრობელმა თავის მოკვეთა მიუსაჯა მარტვილს. მხედრებმა მდინარე სეკვანის (დღევანდელი სენა) ნაპირზე გაიყვანეს იგი, მაგრამ უეცრად თვალთ დაუბნელდათ. პატროკლე ამასობაში წყალზე გადავიდა და მდინარის მეორე ნაპირზე ლოცვა დაიწყო. წმიდანის გაქრობით გაოცებულმა ზოგმა მეომარმა ადიდა ღმერთი, სხვებმა კი სასწაული ჯადოქრობას მიაწერეს. ერთმა წარმართმა ქალმა აუწყა მხედრებს, რომ პატროკლე მეორე ნაპირზე იმყოფებოდა. უღმრთოებმაც გადალახეს მდინარე და უფლის რჩეული სიცოცხლეს გამოასალმეს (+დაახლ. 275).
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე
წმიდა მოწამენი: სტრატონი, ფილიპე, ევტიქიანე და კვიპრიანე ნიკომიდიაში ეწამნენ. ისინი სანახაობებზე დადიოდნენ და წარმართებს მოუწოდებდნენ, დაეგდოთ კერპთა თაყვანისცემა. მადლიანმა მქადაგებლებმა მრავალი მოაქციეს ქრისტიანობაზე. მმართველმა შენიშნა, რომ სახალხო სანახაობებს მაყურებლები სულ უფრო და უფრო აკლდებოდა და მარტვილები თავისთან მოიხმო. მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად. ნადირები არ გაეკარნენ უფლის რჩეულებს. მაშინ ისინი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი ცეცხლში დაწვეს (+დაახლ. 303).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით