კახეთში მევენახეებმა სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი სრულად დააბინავეს

მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 ათას ტონას შეადგენს
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. კახეთის რეგიონში რამდენიმე დღის წინ მოსული ძლიერი სეტყვისა და ქარისგან დაზიანებული ყურძენი მევენახე ფერმერებმა სრულად დააბინავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ” სტიქიის მეორე დღიდანვე დაიწყო. კომპანია ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დასეტყვილ ყურძენს თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 2 ლოკაციაზე იბარებდა. მევენახეებმა დაზიანებული, არაკონდიციური 1 კგ ყურძენი 1 ლარად ჩააბარეს.
30 აგვისტოს მდგომარეობით, სულ გადამუშავებულია 1,8 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი.
23-24 აგვისტოს კახეთის რეგიონში განვითარებულმა სტიქიამ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ყურძენი დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 120 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული.
ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის საწარმო.
მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს – მოსავლის რეალიზაციის საშუალებას, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და ერთ კგ ყურძენში ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია ერთ კგ რქაწითელზე 0,2 ლარს შეადგენს.
2023 წლიდან საქართველოში ყურძნის რეალიზაცია გაადვილდა. ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია დარეგისტრირდეს საკოორდინაციო შტაბში, რათა ხელი შეუწყოს რთველის ორგანიზებულ ჩატარებას, მიუთითოს ყურძნის რაოდენობა და ფასი, რომლითაც სურს პროდუქტის შეძენა. ამის შემდეგ ყურძნის ჩაბარების მსურველი ფერმერი მიმართავს შტაბს და ეძებს კომპანიას, რომელიც მისგან მოსავალს ხელმისაწვდომ ფასად შეისყიდის.
2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე საქართველომ 156,6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გაიტანა, რაც 24,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.