პარიზის პარალიმპიური თამაშები: ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა სპორტსმენმა ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.
Sputnik
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. პარიზში მიმდინარე ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძემ (52კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე დამატებით დროში მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ლია ჩაჩიბაიამ (47 კგ) პირველი ბრძოლა წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა.
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდება. თამაშებში სპორტის ექვს სახეობაში 14 ქართველი პარაათლეტი მონაწილეობს.