თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ორი დღის წინ დაწყებულ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს, ასევე, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ქვეყნის მთელ რიგ მოქალაქეებს.
საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ შეუძლიათ მოსამართლეებს, ომბუდსმენს, გენერალურ აუდიტორს, საარჩევნო კომისიის წევრებს, ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს და სამთავრობო უწყების თანამშრომლებს -სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
ასევე საარჩევნო კამპანიაში ჩართვა აკრძალულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისთვის.
საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ შეუძლიათ იურიდიული სამართლის საჯარო პირის (სახელმწიფო უწყებების მიერ შექმნილი) სტატუსის მქონე ორგანიზაციების თანამშრომლებს, გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, შემოქმედებითი დაწესებულებების, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა.
აგიტაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ საჯარო ან მუნიციპალური საბავშვო ბაღებისა და სკოლების დირექტორი, აღმზრდელი-პედაგოგები, აღსაზრდელები, მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები (სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას).
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
კერძოდ, ელექტრონული ტექნოლოგიებით - ვერიფიკაციის და ხმების დათვლის აპარატებით - ამომრჩევლების თითქმის 90% ისარგებლებს.