საქართველოში დააკავეს მამაკაცი, რომელიც თავის 17 წლის ქალიშვილს გათხოვებას აიძულებდა

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
Sputnik
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 17 წლის ქალიშვილის მიმართ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე ქორწინების იძულების ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.