თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი, 37 წლის გურამ კაშია ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშებს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად სტადიაზე - უეფას ჩემპიონთა ლიგაში.
ბრატისლავის „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა დანიურ „მიდტიულანდთან“ 3:2 მოიგო და მთავარი საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე ითამაშებს.
დანიელებთან საპასუხო მატჩში „ჯვაროსნების“ კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო და მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.
„სლოვანი“ 33-ე წუთზე დაწინაურდა – სტუმრების კარში ბურთი ხორვატმა თავდამსხმელმა, მარკო ტოლიჩმა გაიტანა, მაგრამ „მიდტიულანდმა“ თურქი შემტევის, არალ სიმსირის გოლით 41-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 50-ე წუთზე ფრანკილინომ დანიელები დააწინაურა.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა, რომელიც ვილი სანიოლის მოსვლამდე საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, თამაშის შემოტრიალება შეძლო.
82-ე წუთზე ტოლიჩმა ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო ოთხ წუთში ტიგრან ბარსეგიანმა „მიდტიულანდის“ კარი მესამედაც აიღო და სლოვაკებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
გურამ კაშიამ და ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეტაპი პირველად დაძლიეს და ძირითად ეტაპზე გავიდნენ.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის წილისყრა 29 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება.
კაშია „სლოვანში“ 2021 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზეა 5 გოლი 63 მატჩში.