საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - დეტალები ცესკოდან

ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საპარლამენტო არჩევნები ოფიციალურად დაინიშნა, შესაბამისად, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და ძალაში შევიდა წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარების წესი, განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. იგი იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.

„წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა, რომელთა დაცვაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვისთვის", - განაცხადა იოსელიანმა.

ცესკომ შეიმუშავა ქცევის კოდექსის პროექტი, რომელიც ეფუძნება 2024 წელს ევროპარლამენტის არჩევნებზე გამოყენებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს და გაუგზავნა პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, აღნიშნულმა დოკუმენტმა უნდა გააერთიანოს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი და პარტია საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ირგვლივ. ქცევის კოდექსზე ხელმოწერა პარტიების რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდეგ იგეგმება.
„არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება", - განაცხადა იოსელიანმა.
ამასთან, მან მოუწოდა არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას, ამომრჩევლებს, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში. არჩევნები - საერთო საქმეა, დასძინა იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისაგან და ირჩევა ოთხი წლის ვადით. საკანონმდებლო ორგანოს წევრი შეიძლება გახდეს 25 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ცხოვრობდა.
სულ გაიხსნება 3.030 საარჩევნო უბანი, საიდანაც 2.262 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, დანარჩენში კი ტრადიციული მეთოდით გაიმართება.
ამ დროისთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 17-მა პარტიამ გაიარა. ეს არის არაკვალიფიციური, ანუ ის პარტიები, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, არც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ საკანონმდებლო ორგანოში და რომელთაც რეგისტრაციის გავლისთვის ცესკოში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარედგინათ.
კვალიფიციურმა პარტიებმა რეგისტრაციისთვის ცესკოს უნდა მიმართონ უახლოეს დღეებში, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. ასეთი 13 პარტიაა.