მეუფე შიო: შევთხოვთ ღვთისმშობელს დაიცვას თავისი წილხვედრი ქვეყანა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. დღეს, ჩვენ, განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან, განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას.
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მეუფე შიომ მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაული და სიონობა მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მიძინება გახლავთ სრულიად განსაკუთრებული დღესასწაული. ჩვენ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს უფრო მეტად, ვიდრე ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, ქერუბიმებს, სერაფიმებს და საერთოდ, ყველას და ყველაფერს, რაც შექმნილია ღმერთის მიერ“, - განაცხადა მეუფემ.
როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ვისაც დღეს სულიერი თვალები ახელილი აქვს, ისინი ხედავენ საღვთო დიდების გამოვლინებას ღვთისმშობლის მიძინებაში.
„სწორედ ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა ზეციური დედოფალი, ამ ჟამს, მისი მიძინების ჟამს და მას შემდეგ წმინდა ეკლესია მას უწოდებს ზეცისა და მიწის დედოფალს, ყოველთა დედოფალს, და დედოფალს არ შეეძლო ზეცისთვის მიეცა ამაზე უფრო წმინდა, ამაზე უფრო უბიწო და აღმატებული არსება. ყოველთვის უნდა ვევედრო ჩვენ ღვთისმშობელს, რომ მისი ლოცვით ჩვენც გავხდეთ თანაზიარი მარადიული საღვთო ნათლისა, რომელიც ბრწყინავს მთელ სამყაროში“, - განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.
საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მიიჩნევა. მართლმადიდბლურ რელიგიაში ღვთისმშობლის მიძინების დღე თორმეტი მთავარი საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთია.
საეკლესიო სწავლებით, რადგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები სიონის მთაზე გაატარა, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებს სიონს უწოდებენ.
საქართველოში სიონის სახელწოდებით მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა, მათ შორის თბილისის სიონის ტაძარი, 28 აგვისტოს ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს.