გიორგი მამარდაშვილი: „ვალენსიამ“ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა

მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ ღირსებას დაიცავს, ხოლო ზაფხულში კი „ლივერპულს“ შეუერთდება.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. სიტყვები არ არის საკმარისი გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც „ვალენსიამ“, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა.
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი ცნობილი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა მიაღწია შეთანხმებას გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე – „ვალენსიის“ მეკარე 2025-26 წლების სეზონის დაწყებამდე „ენფილდზე“ გადადის.
როგორც მამარდაშვილმა აღნიშნა, მისი ცხოვრება „ვალენსიამ“ შეცვალა და შექმნა.
„ვალენსიაზე“და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი „ვალენსიაში“ და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ გადასვლას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც გამოეხმაურა.
„გიორგი მიმდინარე 2024-25 წლის საფეხბურთო სეზონში კვლავ „ვალენსიას" ღირსებას დაიცავს, ინგლისურ კლუბს კი მომდევნო სეზონიდან შეუერთდება“, - წერს ეროვნული ნაკრები.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს.
ქართველ მეკარესთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ბოლო კვირებია უცხოური და ქართული სპორტული მედია აქტიურად წერს - მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება 26 აგვისტოს გაიარა.
მედიის ცნობით, „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შეძლო F ჯგუფიდან ოთხი ქულით გასვლა და ტურნირის 1/8-ში თამაში, სადაც ევრო 2024-ის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა (1:4). ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 23 წლის მამარდაშვილის სატრანსპერო ღირებულება 45 მლნ ევრომდე გაიზარდა. ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერების სიაში პირველი ადგილი მან პორტუგალიელ დიეგუ კოშტასთან გაიყო.
მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ფარგლებში ჩატარებულ 4 მატჩში 29 დარტყმა მოიგერია და მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.