უკვე ოფიციალურად - მამარდაშვილი „ლივერპულის“ მეკარეა

მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ ღირსებას დაიცავს, ხოლო ზაფხულში კი „ლივერპულს“ შეუერთდება.
Sputnik
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი ცნობილი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა.
ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა მიაღწია შეთანხმებას გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე – „ვალენსიის“ მეკარე 2025-26 წლების სეზონის დაწყებამდე „ენფილდზე“ გადადის.

„წითლებმა" 23 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვით, ის დარჩება ესპანეთში მიმდინარე სეზონის ბოლომდე, მომავალ ზაფხულში კი მერსისაიდში გადმოვა", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი „ევრო-2024" ჩაატარა.
„ეს შედეგია ევრო 2024-ზე მამარდაშვილის შთამბეჭდავი თამაშის, სადაც საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა. ქართველი მეკარის 21 სეივი ჯგუფური ეტაპის სამი მატჩის განმავლობაში იყო ტურნირის ისტორიაში მეკარის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგი", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს.
ქართველი მეკარესთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ბოლო კვირებია უცხოური და ქართული სპორტული მედია აქტიურად წერს - მამარდაშვილმა სამედიცინო შემოწმება 26 აგვისტოს გაიარა.
მედიის ცნობით, „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე შეძლო F ჯგუფიდან ოთხი ქულით გასვლა და ტურნირის 1/8-ში თამაში, სადაც ევრო 2024-ის მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან დამარცხდა (1:4). ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 23 წლის მამარდაშვილის სატრანსპერო ღირებულება 45 მლნ ევრომდე გაიზარდა. ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერების სიაში პირველი ადგილი მან პორტუგალიელ დიეგუ კოშტასთან გაიყო.
მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ფარგლებში ჩატარებულ 4 მატჩში 29 დარტყმა მოიგერია და მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარის უფლებით 2021 წლის ივლისში გადავიდა. იმავე წლის ბოლოს ესპანურმა კლუბმა მეკარე თბილისის „დინამოსგან“ გამოისყიდა. 2022 წლის სექტემბერში ესპანელებმა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივეს.
ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში შედგა.