თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. გორის სამშობიარო სახლ „გორმედში“ 30 წლის მშობიარე ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების რეალური მიზეზი - მოკვლევას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო აწარმოებს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „გორმედის” სამედიცინო ცენტრის პრეს-სამსახურმა. კლინიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი სამშობიარო ცენტრში დაწყებული მშობიარობით შეიყვანეს, მას აღენიშნებოდა პრეკლამფსია და ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ვინაიდან საკეისრო კვეთის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი, აუცილებელი ოპერაცია, რომლის დროსაც დაფიქსირდა გულის გაჩერება.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე განხორციელდა პაციენტისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხის შემოწმება და არანაირი ხარვეზი არ გამოვლინდა. „გორმედის" სამედიცინო ცენტრის ვარაუდით პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სანაყოფე გზების თრომბოემბოლია გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ახალშობილს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და იგი გადაყვანილია შესაბამის კლინიკაში.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობასა და პაციენტის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მძიმე შედეგზე პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილის გარდა, ახალგაზრდა ქალს 4 წლის შვილიც დარჩა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები პოლიციამ უკვე გამოკითხა.