რას ვჭამთ: ხმელ სუნელში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა

ობიექტში განთავსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს კი აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო - Sputnik. ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტიდან აღებულ ხმელი სუნელის ნიმუშში ტყვიის შემცველობამ დასაშვებ ნორმას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ნთკ 2016-დან” ხმელი სუნელის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევებით, ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობამ შეადგინა 9323 მგ/კგ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებ ნორმას.
ობიექტში განთავსებული სუნელი დაილუქა, ბიზნესოპერატორს კი აეკრძალა ხმელი სუნელის კონკრეტული პარტიის რეალიზაცია და დაევალა მისი განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება და გამოთხოვილი სურსათის შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.
ბიზნესოპერატორს ასევე დაევალა წარმოებისათვის გამოსაყენებელი ნედლეულის, ინგრედიენტის ან სხვა ნებისმიერი მასალის ლაბორატორიული ტესტირება ტოქსიკურობაზე (ტყვიის შემცველობაზე).
სააგენტოს ინფორმაციით, ხმელი სუნელის მწარმოებელი ბიზნესოპერატორია ინდმეწარმე (მისამართი: ქარელის რაიონი, სოფელი ზემო ხვედურეთი და გორი, ცხინვალის გზატკეცილი), ხოლო შპს „ნთკ 2016“ არის დამფასოებელი.
შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ინდმეწარმესთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა დარღვევები და მეწარმე დაჯარიმდა 500 ლარით, დაილუქა ხმელი სუნელი და მისი შემადგენელი ინგრედიენტები (ქინძი, უცხო სუნელი, ძირა, ყვითელი ყვავილი, კურკუმა).
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიზნესოპერატორს დაევალა დალუქული ნიმუშების კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში და ხმელი სუნელის რეალიზაციის აკრძალვა, ბაზარზე განთავსება, განთავსებული ამოღება და გამოთხოვილი სურსათის თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.