თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საპარლამენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციაზე რეაგირებას მოახდენს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება. კომისიას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს.
უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეოთხე სხდომა 26 აგვისტოს გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა. კომისიის წევრებმა მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომისიის წევრები – იუსტიციის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ფინანსთა; თავდაცვის; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების − „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI), „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
„კომისიისთვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: iatf@justice.gov.ge; აგრეთვე, ცხელ ხაზზე: (+995) 599 85 00 11“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებათაშორისი კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შეიქმნა. კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან, აღნიშნავენ იუსტიციის სამინისტროში.
უწყებათაშორისი კომისია ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.